რეკლამა

უორენ ბიტის კონვერტი ნამდვილად შეცდომით მიაწოდეს

ოსკარი სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა, თუმცა უკვე რამდენიმე ათეული სტატია და თეორია გამოქვეყნდა იმის შესახებ მართლა შეეშალათ თუ არა კონვერტი უორენ ბიტის როდესაც საუკეთესო ფილმის ნომინაციას აცხადებდნენ. წერდნენ იმასაც, რომ შეუძლებელია კონვერტი, რომელიც სპეციალურად დაცული ქეისებით მოაქვთ არეულიყო, თუმცა როგორც კიდევ ერთხელ დამტკიცდა უშეცდომო ნამდვილად არავინ არ არის. ტვიტერზე ტრიალებს ფოტო, სადაც აშკარად ჩანს რომ უორენ ბიტის ნამდვილად არასწორი კონვერტი უჭირავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოსკარის ცერემონიაზე თითოეული ნომინაციისთვის სპეციალურად ორი კონვერტი მზადდება, ერთ-ერთ მათგანს ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი სამახსოვროდ იტოვებს. სწორედ ასე აღმოჩნდა ემა სტოუნის ხელში ის კონვერტი, რომლის მსგავსიც ნომინაციის წარმდგენებს ეჭირათ.

საბუღალტრო ფირმამ, რომელიც წლევანდელ ოსკარს ემსახურებოდა და რომლის პასუხისმგებლობაც იყო კონვერტების მენეჯმენტი, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ლა ლა ლენდისა და Moonlight-ის დასს, ასევე უორენ ბიტის, ფეი დანაუეისა და აკადემიას ბოდიში მოუხადა. მათი თქმით, ეს შეცდომა მათი ბრალი იყო, სწორედ მათ შეეშალათ კონვერტები და წარმდგენებს შეცდომით სხვა ბარათი მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს, წარმდგენებს უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის კონვერტი შეეშალათ და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

2 893
FACEBOOK კომენტარები